"2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში... ბოლოს რომ მომივარდა სახლში, მეზობელმა გადამარჩინა" - რას წერდა აპრილში კესარია აბრამიძე?
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
- AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და ამის გამო, საქართველოს დატოვება მოუწია. მოგვიანებით, სტატუსი წაშალა...
"მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის მსხვერპლი. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას!
აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს" - წერდა აბრამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.