"ვაჩვენე ჩემი მანქანა, სადაც ვცხოვრობდი, მერაბმა გაიცინა და მეუბნება, იქ არ უნდა იცხოვრო. წამოდი ჩემთანო და მიმიკედლა" - როგორ შეიფარა მერაბ დვალიშვილმა მისთვის სრულიად უცხო ადამიანი
ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და "ინსტაგრამ“ სთორიდან, მაყურებელი შენიშნავდა ახალგაზრდა დაღესტნელ, პოზიტიურ ბიჭს, რომელიც ჩვენს მებრძოლს ხშირად ახლავს თან.
- ის არის 22 წლის მაგდი ამაჩოვი, რომელსაც თავისუფალ ჭიდაობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა ბიჭმა ჭიდაობას, როგორც ცალკეულ სპორტს თავი მიანება და ახლა MMA კარიერის აწყობას ცდილობს. ის დაღესტნიდან აშშ-ში გადაბარგდა და მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობს.
მაგდიმ გასაოცარი ისტორია მოყვა მერაბ დვალიშვილის შესახებ. მისი თქმით, რამდენიმე საათის გაცნობილი ჰყავდა მერაბი, როცა ქართველმა სპორტსმენმა გაიგო, რომ ბიჭი მანქანაში ცხოვრობდა. მერაბმა მას საკუთარ სახლში სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა ცხოვრება.
ამაჩოვი ზრდილობიანი, დადებითი და პოზიტიური სპორტსმენია, რომელიც მერაბზე აღტაცებით საუბრობს.
"მერაბს საოცარი კარდიო აქვს, შოკში ვარ. პირველი 3 რაუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად მივყვებოდი, მე-3, მე-4 რაუნდებში უკვე დაღლილი ვიყავი, ის კი ძველებურად მუშაობდა. მინდა აღვნიშნო, რომ 3 რაუნდი შეიძლება მე შემეჯიბროს, მერე კიდევ 3 სხვას და კიდევ სამი - სხვას. შემდეგ წავა, სხვა სავარჯიშოებს გააკეთებს. არ ვიცი, ღმერთმა მისცა ასეთი კარდიო", - ამბობს ამაჩოვი.
- თუმცა ყველაზე გასაოცარია მაგდისა და მერაბის გაცნობის ისტორია:
"მე მას არ ვიცნობდი. პენსილვანიიდან ლას-ვეგასში წავედი. მარტო ვიყავი, მანქანით წავედი. ჯერ შევედი UFC-ის დარბაზში, Apex-ში. მეგონა, ეგ იყო სავარჯიშო დარბაზი. ვაბრახუნე კარზე, არავინ აღებდა. მერე დაცვამ გამოიხედა, მითხრა, წადი აქედან, ეს საბრძოლო დარბაზია, აქ ტარდება ტურნირები, აქ არავინ ვარჯიშობსო და UFC PI-ში გამიშვა.
მეკითხებიან, შენ UFC-ის მებრძოლი ხარ? გვაჩვენე კონტრაქტი. ვეუბნები, არ მაქვს კონტრაქტი, მაგრამ მალე მექნება, გპირდებით. ამიხსნეს, რომ ვერ შემიშვებდნენ. არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, სად მევარჯიშა, მარტო ვიყავი მთელ ლას-ვეგასში, არავის ვიცნობდი თან. მითხრეს, რომ აქ ორი კარგი დარბაზი იყო, syndicate mma და xtreme couture. მე "სინდიქეითი“ ავირჩიე.
მეორე დღეს მივედი ამ დარბაზში, ვუყურებ მერაბს, არ ვიცნობდი საერთოდ, მაგრამ აშკარად კავკასიური გამომეტყველება ჰქონდა. გამოველაპარაკე, მივესალმე, მეუბნება, საქართველოდან ვარო. მე ვუთხარი, მე - დაღესტნიდან. სპარინგის მერე მოვეწონე, ხელი ჩამოვართვით. მეკითხება, პროფესიონალი მებრძოლი ხარო? არა-მეთქი, არასდროს მქონია პროფესიონალური შეხვედრა ჩატარებული. მერაბმა მითხრა, შენ დიდი მომავალი გაქვს, გააგრძელე ვარჯიშიო.
დარბაზში მეკითხება, შენ სად გაჩერდი, სად ცხოვრობო. მეთქი აი, ნახე, ფანჯრიდან ვაჩვენე ჩემი მანქანა, იქ ვცხოვრობ, პარკინგზე. მერაბმა გაიცინა და მეუბნება, არა, იქ არ უნდა იცხოვრო. წამოდი, ჩემთან და მიმიკედლა. უბრალოდ ადამიანთან ერთი სპარინგი გავმართე, არ ვიცი, შეიძლება რამე პოტენციალი იგრძნო. მივედით მასთან სახლში, ერთი ოთახი გამომიყო და მითხრა, რომ შემეძლო იქ სრულიად უსასყიდლოდ მეცხოვრა", - ამბობს ამაჩოვი.
ამაჩოვი UFC-ში მოხვედრაზე ოცნებობს, ის უკვე ვარჯიშობს ტოპ-დონის მებრძოლებთან და განვითარებას არ წყვეტს.