სასწაულია, ასეთი ჯერ არ მინახავს - ანზორ მელია განცხადებას ავრცელებს
ამ დღეებში მედიკოსები, განსაკუთრებით კარდიოლოგები, პაციენტების მატებას უჩივიან, რადგან მძიმე, დაძაბული და სტრესული ფონი ადამიანებს ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის... ცოტა ხნის წინ კარდიოლოგმა ანზორ მელიამ თავის "ფეისბუქპოსტით" მოსახლეობას მიმართა და დაგმო ძალადობა, ის, რაც ბოლო სამი კვირაა, ჩვენს დედაქალაქში გრძელდება.
- ცნობილი ექიმი, რომელიც წელებია, ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეწუხებულია. ანზორ მელიასთან საუბარშიც ირკვევა, რომ ამ დღეებში მას ბევრმა ადამიანმა მიაკითხა.
- მე ვარ პრაქტიკოსი ექიმი. ახლა მხოლოდ დაავადების მკურნალობა კი არ მიწევს, არამედ შოკირებული ავადმყოფების დამშვიდებაც. მიწევს მათი ფსიქოლოგიურად გამაგრება და დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით ბოლო სამი კვირაა, ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. მოდიან ახალი პაციენტებიც და ძველებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფარქტი, აქვთ მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ამ სტრესის ფონზე გარკვეული ჩივილები ემატებათ.