რას გახდა 15 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი და რას ჰყვებიან ახლობლები
თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 15 წლის მოზარდი მარიამ ბენაშვილი გარდაიცვალა, რომელიც 20 დღის წინ დედოფლისწყაროში, მშენებარე პარკის ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა. მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მშენებარე ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში არასრულწლოვანები ცურავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მოზარდი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
AMBEBI.GE-ს მარიამ ბენაშვილის ახლობელი უყვება:
“მარიამი 16 სექტემბერს 16 წლის გახდებოდა. 21 აგვისტოს დედოფლისწყაროში ჯაფარიძეების უბნიდან მოზარდები ავტობუსით მშენებარე პარკში წავიდნენ გასართობად. მარიამი ხელოვნურ ტბაში ტანსაცმლით და ფეხსაცმლით იპოვეს უგონო მდგომარეობაში. წყალში თვითონ ჩავიდა, ჩავარდა, თუ ხელი კრეს და ჩააგდეს, არავინ იცის, მოზარდები არაფერს ამბობენ. ზოგადად, მარიამს წყლის შიში ჰქონდა…
გოგონა ერთ ბიჭს, ადგილობრივს ამოუყვანია წყლიდან და სასწრაფო დახმარება გამოუძახიათ, სასწრაფოს ექიმებს უთქვამთ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო და მაშველებს აუმუშავებიათ მისი გული. მას მერე მარიამს ტვინი ჰქონდა გათიშული და 20 დღის განმავლობაში კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ვერაფერი უშველეს. ექიმებმაც ვერ გაიგეს, გოგონას რა დაემართა, იმის მიხედვით რომ მეღოთ ზომები.
როგორც ამბობენ, ტვინი დიდხანს იყო უჰაეროდ და ამიტომ გაითიშა. მარიამის დედას თავში სიმსივნე აქვს, ძალიან ცუდადაა, საცოდაობა ტრიალებს… ბავშვების ჩვენების საფუძველზე ვერაფერს ასკვნიან, როგორც თქვეს, ყველამ სხვადასხვა ჩვენება მისცა. ალბათ იციან და არაფერს ამბობენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ პარკში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და ამიტომაც მალავენ სიმართლეს”.