რეგისტრაცია
Website Demo » EXCLUSIVE: შემზარავი ტრაგედია,ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

EXCLUSIVE: შემზარავი ტრაგედია,ვინ და რატომ მოკლა 8 ქართველი (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

10 Aug 2024, 14:42

 

დახვრეტილი ქართველები

1994 წელს ეს ამბავი არ გაახმაურეს. ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ მასალებს ვერც მაშინდელ პრესის არქივში მოიძიებთ. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, ოჯახის წევრები და ახლობლები ამ მოუშუშებელი ტკივილით ცხოვრობენ…

დუმდა ყველა. როგორც ამბობენ, არც არავის ეცალა ამ ტრაგედიისთვის. ქვეყანა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომით გამოწვეულ ჭრილობებს იშუშებდა…


1994 წლის 26 მაისს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავს ზეიმობდა, ინგუშეთში, სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე 8 ქართველი მშენებელი ჩაცხრილეს… ქართველი მეგზევეები ინგუშებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობაში ეხმარებოდნენ. როგორც ამბობენ, გარკვეულ ძალებს არც ქართველების და ინგუშების მეგობრობა ეხატებოდა გულზე და არც ამ გზის მშენებლობა შედიოდა მათ ინტერესებში…

ნიკო მეტრველი, ვოვა ჭაბურია, ზურაბ რაზმაძე, მურად გაგნიძე, მალხაზ რეხვიაშვილი, ნიკოლოზ დავითური, ორდეზი ჩახაშვილი და თამაზ ქავთარაძე, კონკრეტულად ვინ, რატომ ან ვისი დაკვეთით დახვრიტეს, დღემდე არ არსებობს ოფიციალური პასუხი. პასუხი არ არსებობს, არის მხოლოდ მოსაზრებები და ვარაუდები…

წლების შემდეგ, ტრაგედიის ადგილას, ინგუშეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გარდაცვლილებს მემორიალი დაუდგეს, ხოლო გზას, რომელსაც ისინი აშენებდნენ „მეგობრობის გზა“ უწოდეს.

მარმარილოს ფილაზე, ქართულ და რუსულ ენებზე, დახვრეტილი ქართველების გვარებია ამოტვიფრული. იქვეა მათი სახელობის წყაროც… 

წლების შემდეგ, პირველად „პრაიმტაიმში“ გაცოცხლდება ერთ დროს საგულდაგულოდ დამამული და ყველასგან მივიწყებული ისტორია, რომელსაც ერთ-ერთი დახვრეტილის, 28 წლის მალხაზ რეხვიაშვილის და, მარი რეხვიაშვილი მოჰფენს ნათელს…

„ამ ამბავის გახსენება ახლაც მიმძიმს. თითქოს ჭრილობა თავიდან მეხსნება… დახვრეტილებიდან ოთხი რაჭველი იყო, მათ შორის იყო ჩემი ძმა, მალხაზ რეხვიაშვილი. ყველა მათგანი „კავგვირაბმშენებელში“ მუშაობდა, მათი ხელმძღვანელი ავთანდილ ჩალაძე გახლდათ.

სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე სულ 56 ქართველი მეგზევე მუშაობდა. 26 მაისი, იქ ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ჩვენი ბიჭების პატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ინგუშებს ბატკანი უჩუქებიათ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქეიფს აპირებდნენ. ის მანქანა, რითაც საცხოვრებლიდან სამუშაოზე დადიოდნენ, იმ დღეს გაფუჭებული ყოფილა.

დილას, სხვა, უფრო პატარა მანქანით წასულა 8 ბიჭი, დანარჩენები სახლში დარჩენილან. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ნაჩუქარი ბატკანი კუზაოიან მანქანაზეშეუსვამთდა სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ჩასაფრებულებმა ცეცხლი გაუხსნეს. ყველანი ადგილზე დაიღუპნენ“…  – ამბობს მარი რეხვიაშვილი.

„ჩემს ძმას 3 წლის შვილი დარჩა…“

„მალხაზი, მაშინ 28 წლის იყო. რაჭაში, ონში დავიბადეთ და გავიზარდეთ. სულ სამი დედმამიშვილი ვიყავით.  მალხაზი უფროსი შვილი იყო. ორივე დას ძალიან გვათამამებდა. 1987 წელს მამა ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაგვეღუპა. მაშინ მახო 21 წლის იყო და მთელი ოჯახის სიმძიმე თვითონ იტვირთა. იმ დროიდან დაიწყო მუშაობა და ოჯახს ინახავდა. სკოლის დამთავრების შედეგ ჯარში გაიწვიეს.

იქიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში, კოლეჯში განაგრძო სწავლა და სამშენებლო დარგის სპეციალობას დაეუფლა. გარკვეული პერიოდი სამთო ქიმიაში იმუშავა. მერე რაჭაში, მშენებარე ობიექტებზე დაიწყო დასაქმდა პრარაბის პოზიციაზე. რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მშენებლობები შეჩერდა და უმუშევრად დარჩა. სწორედ იმ დროს, ჩემი ბიძაშვილის მეუღლემ, ზურა რაზმაძემ (რომელიც ასევე ინგუშეთში დახვრიტეს) სამსახური შესთავაზა.

როცა მალხაზი ინგუშეთში წავიდა, სახლში მეუღლე და სამი წლის შვილი დატოვა. ერთი თვის წასულიც არ იყო, ხელფასიც კი არ ჰქონდა აღებული. მე იმ პერიოდში უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ჩემი და აბიტურიენტი იყო. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომი ახალი მომხდარი იყო და საქართველოში როგორი გაჭირვება იყო. იმის გამო, რომ შემოსავალი ჰქონოდა, ინგუშეთში წავიდა სამუშაოდ.“

„თვითმფრინავიდან შავი კუბოები რომ ჩამოჰქონდათ ცუდად გავხდი…“

„იმ საბედისწერო დღეს უნივერსიტეტში ვიყავი… სახლში რომ მოვედი, ნათესავები დამხვდნენ და ცოტა გამიკვირდა. მითხრეს, ინგუშეთში ცუდი ამბავი მოხდა და წამოგვყევი, უნდა გადავამოწმოთ რეხვიაშვილი სხვაც ხომ არ იყო დასაქმებული იმ ობიექტზეო. როგორც მერე მივხდი, ყველამ ყველაფერი უკვე იცოდა და ასე შეპარვით გამაგებინეს ეს ამბავი…

ბიჭები საქართველოში მეორე დღეს ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში ჭირისუფლები დავხვდით… თვითმფრინავიდან შავი კუბოები, რომ ჩამოჰქონდათ, ცუდად გავხდი… ჩემი ძმა რაჭაში დავკრძალეთ…

ინგუშეთის მთავრობამ ჩემს მცირეწლოვან ძმისშვილს ფულადი დახმარება გაუწია. საოცარი ამ ამბავში იცით რა არის?! ეს ტრაგედია არ გახმაურებულა, არც მაშინ და არც ამ წლების განმავლობაში მედია არ დაინტერესებულა ამ ამბით. ან როგორ დაინტერესდებოდნენ როცა ეს ამბავი საერთოდ არ გახმაურებულა… დიდი მადლობა „პრაიმტაიმს“, რომ 27 წლის შემდეგ მივიწყებული ისტორია გაიხსენა.

არასდროს ვყოფილვარ ტრაგედიის ადგილას თუმცა ჩემს წარმოსახვაში როგორიც იყო, ზუსტად ისეთია ფოტოებზე…“ – ამბობს მარი რეხვიაშვილი.

აგრეთვე იხილეთ: