სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, საქართველოში მომხდარ იმ მიწისძვრებს ჩამოთვლის, რომელთა მაგნიტუდა 6-ს აჭარბებდა.
თმოგვის მიწისძვრა
1088 წელს სამცხე-ჯავახეთში მოხდა მიწისძვრა, რომლის ინტენსივობა 9 ბალი იყო, მაგნიტუდა - 6,5. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, რომ დაინგრა სახლები, ეკლესიები, თმოგვის ციხე, ბიძგები კი მთელი წელი გრძელდებოდა.
„მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა. რომელთა თანა თმოგჳ-ცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლით-ურთ. და განგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ“.
სამცხის მიწისძვრა
ასეთივე მასშტაბის მიწისძვრა მოხდა სამცხეში 1283 წელს. მაშინ ვარძია ისე დაზიანდა, რომ დღემდე არ ვიცით, მისი თავდაპირველი სახე როგორი იყო.
ისტორიკოსმა გურამ ყიფიანმა 2020 წელს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიწისძვრამდე ვარძიის გამოქვაბულები დაფარული იყო პორტკულისით - ვერტიკალურად ჩასადგამი კლდოვანი კარით: „ვარძიამ სულ 30 წელი იარსება პირვანდელი სახით, შემდეგ მიწისძვრამ დიაგონალურად ჩამოაქცია. თავიდან როგორი იყო, არ ვიცით და არც გვეცოდინება, რადგან ქართული საისტორიო წყაროები ამ კუთხით ძალიან მწირია“.
მიწისძვრები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში
1350 წელს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა რაჭა-ლეჩხუმში. მის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. შედარებით მეტი ვიცით 1530 და 1742 წლებში კახეთში მომხდარ მიწისძვრებზე, რომლებმაც ალავერდის გუმბათი ჩამოაქციეს. მიწისძვრა უფრო ძლიერი ყოფილა 1742-ში: „მოხედა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა, და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია“.
ახალქალაქის მიწისძვრა
1899 წლის 19 დეკემბერს ახალქალაქში მოხდა მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.2, ბალი კი - 9 იყო. დაიღუპა 250 ადამიანი. ეს მიწისძვრა შეისწავლა გეოლოგმა ივან მუშკეტოვმა. თავის ნაშრომში ის აღნიშნავს, რომ ბიძგები მთელ სამხრეთ კავკასიაში იგრძნობოდა. იქვე ვკითხულობთ, თუ როგორ აღწერს მიწისძვრის პირველ წუთებს ადგილობრივი სასწავლებლის ინსპექტორი ტარასოვი: „კვირა დღე იყო. მზის სხივები თოვლში გახვეულ ახალქალაქის პლატოსა და მთას ანათებდა... სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილი ადგილობრივები ქალაქში სეირნობდნენ, დუქნებთან და ყავახანებთან იყრიდნენ თავს. საყოველთაო მხიარულებაში საფრთხის მომასწავებელი არაფერი ჩანდა. მოულოდნელად, პირველ საათსა და ორმოცდაათ წუთზე, გაუგებარი ხმაური გაისმა, მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ხის სახლები ჭრიალით ირყეოდნენ. მძიმე ჭაღები ლამის ჭერს შეხეთქებოდნენ. კარები გაიღო, თაბაშირი ჩამოცვივდა... მიწისძვრამ წუთზე დიდხანს გასტანა“.
გორის მიწისძვრა
გამოთქმა „რა გორელივით შუა გზაზე დადიხარ“ 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრას უკავშირდება. იმის შიშით, თავზე რამე არ დაგვეცესო, ხალხი მაშინ მართლა შუა ქუჩაში დადიოდა. გორის მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2, ბალი კი 8-9 იყო. გორში თითქმის ყველა შენობა დაზიანდა, დაინგრა მიმდებარე სოფლები, დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრა მთელ საქართველოში იგრძნეს. ტიციან ტაბიძის მეუღლის ნინო ტაბიძის მოგონებებიდან ჩანს, რომ ბიძგები ქუთაისშიც კი ძალიან ძლიერი იყო.
„გადავწყვიტეთ სოფელში წავსულიყავით, ტიციანის დედასთან. გზად ქუთაისში შევუხვიეთ - ტიციანის დები და ძმები იქ ცხოვრობდნენ. სასტუმრო „ფრანციაში“ გავჩერდით... უეცრად მთელმა შენობამ ზანზარი დაიწყო, ხალხი სკამებიდან გადაცვივდნენ. პაოლომ დამტაცა ხელი და კართან მიმიყვანა, კოლაუ ნადირაძეს იატაკზე დაეჩოქა, თვალები ჭერისაკენ აღეპყრო და ჩურჩულებდა: „ავე მარია, ავე მარია...“ დილით კი გავიგეთ, რომ გორში საშინელი მიწისძვრა ყოფილიყო და მთელი ქალაქი დაექცია“.
ტაბაწყურის მიწისძვრა
1940 წლის 7 მაისის ღამეს მიწისძვრა მოხდა ტაბაწყურთან. ეს ტბა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. მიწისძვრის მაგნიტუდა 6.0, ბალი კი 8 იყო. დაიღუპა 35 ადამიანი.
მიწისძვრა ჩხალთაში
1963 წელს აფხაზეთში, სოფელ ჩხალთასთან მოხდა მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.2, ინტენსივობა კი 9 ბალი იყო. მიწისძვრისას სოფელში სახლები დაინგრა, მაგრამ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაჭის მიწისძვრა
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილის შუადღეს მოხდა. მიწისძვრის მაგნიტუდა 6.9, ხოლო ინტენსივობა 9 ბალი იყო. ეპიცენტრი მდებარეობდა რაჭა-იმერეთში, თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით.
ამ დღის შემდეგ აღარ არსებობს საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა უზარმაზარმა მეწყერმა ოცკომლიანი დასახლება მთლიანად დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრისა და განმეორებული ბიძგების გამო 250 ადამიანამდე დაიღუპა, მაინც მიიჩნევა, რომ „ეს იყო უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრა, უჩვეულოდ ცოტა მსხვერპლით“, - გეოლოგი გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის რყევები დიდ ქალაქში ათასობით ადამიანს დაღუპავდა.
გიორგი დვალაშვილს ჩაწერილი აქვს ხახიეთის ერთ-ერთი მკვიდრის, ხაჯუმარ გაგიევის მონათხრობი:
„მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი. სოფელს რომ მივუახლოვდი, აი, იქ [მთისძირზე] რაღაც უეცარმა ტალღამ დამარტყა და უმალ გაისმა კიდეც საშინელი გუგუნი. სიზმარში მეგონა თავი; მერე დავინახე, რომ შავი მთა, რომელიც, აი, იმ ადგილას იყო [ჩრდილო-დასავლეთისკენ], ჰაერში აიჭრა. მოპირდაპირე მხრიდან [ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ] კუდევის მთა წამოიმართა, ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ისეთი ზათქით ჩაიშალნენ, რომ მიწისძვრამ მეც ჰაერში ამაგდო... ღმერთო, სიზმარი იყო ნამდვილად“.
რაჭის მიწისძვრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1992 წლის ოქტომბერში, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ამჯერად ხევსურეთში, ბარისახოსთან. ამ მიწისძვრის მაგნიტუდა 6.5, ინტენსივობა კი 8 ბალი იყო. მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.