რეგისტრაცია
Website Demo » “ერთადერთხელ დამესიზმრა. თითქოს თეონა დაიკარგა, ვეძებდი, ვერ ვპოულობდი…” – ტრაგედია, რომელსაც 22 წლის წინ სამი ადამიანი ემსხვერპლა

“ერთადერთხელ დამესიზმრა. თითქოს თეონა დაიკარგა, ვეძებდი, ვერ ვპოულობდი…” – ტრაგედია, რომელსაც 22 წლის წინ სამი ადამიანი ემსხვერპლა

05 Sep 2024, 09:41

 

22 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც რეჟისორ გიო მგელაძის ცხოვრება სრულიად ამოატრიალა. 4 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა მისი მეუღლე; თეონას დედამ ამ ფაქტს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა (ფანჯრიდან გადახტა), ხოლო დედამთილი (გიოს დედა) პანაშვიდებზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

22 წლის წინანდელი საბედისწერო მგზავრობისას, ფოთის ხეივანში მიმავალ მანქანაში ისხდნენ თეონა, გიო და ნინია კაკაბაძე, რომელიც საჭეს მართავდა.

“მამაჩემს ხილვა ჰქონდა და ეს ავარია თავიდან ბოლომდე ნახა. გზაში ვიყავით, რომ დამირეკა… ასე რომ, არავის ბრალი არ არის ის ავარია.

ჩემი მხარე დაეტაკა ხეს და ხე მანქანაში შემოვიდა. წესით, მე უნდა დავღუპულიყავი. მთლიანად დავილეწე, თეონა კი…

ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია.

თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ “დაუნ” (ქვევით) – არა, “აფ'” (ზევით). 13 წელი ვიყავით ერთად და კი არ გამქრალა სიყვარული, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი.

უშრეტი ენერგია ჰქონდა. სანამ გავიღვიძებდით, ამხელა სახლი მთლიანად ბზინავდა. მინიმუმი, ხუთი სახეობის კერძი გაკეთებული ჰქონდა და ხატავდა უკვე. მისი უამრავი ნახატი მაქვს სახლში კედლებზე.

კინორეჟისორი გია რევიშვილი ფილმ “კვირა დღეს” იღებდა და მთავარ როლს მე ვთამაშობდი. ამ ფილმში ერთი სიუჟეტია, სადაც ჩემი გმირი გოგოს გამო ჩხუბობს. თეონა იმ დროს მოვიდა გადაღებაზე. გავიცანი თუ არა, რაღაც მოხდა. იმავე დღეს ავადექი სახლში და ეს სიყვარული იმ დღის მერე აღარც დამთავრებულა, ისევ გრძელდება. მან მაჩვენა, რომ შეიძლება სიყვარული გახუნდეს კი არა, ყოველდღე უფრო და უფრო გაძლიერდეს” – ამბობდა გიო ძველ ინტერვიუებში.

მთელი ამ წლების მანძილზე სიზმრად ერთხელ ნახა. სიზმარი “პრაიმტაიმთან” გაიხსენა.

გიო მგელაძე: ერთადერთხელ დამესიზმრა. თეთრი შენობები იყო, ხალხიც თეთრებში იყო გამოწყობილი. თეონა დაიკარგა, ვეძებდი, ვეძახდი და ვერ ვიპოვე…

იცით, დრო სტატიურია, ცხოვრება ცხოვრებაა და ის უამრავი პროცესები, რასაც გავდივართ, პირველ ემოციებს აქარვებს, ცვეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება, დარდი, სევდა, მონატრება კლებულობსავით და უფრო გაცნობიერებულად უყურებ სხვადასხვა რაკურსიდან. რაკურსები იცვლება ჩვენთან ერთად.

ტკივილი აძლიერებს… კიდევ კარგი, რომ გაძლიერებს ის, რაც არ გკლავს. როგორ ვატარებ არ ვიცი, მაგრამ ჯვარს რომ ვატარებ, ვიცი. არ არის მძიმე. ნელ-ნელა შემსუბუქდა. სხვა ფორმა მიიღო. ემოცია შედარებით ცივმა გაცნობიერებამ ჩაანაცვლა.

აგრეთვე იხილეთ: