რეგისტრაცია
Website Demo » თუ თქვენს ხელისგულზე ლათინური ასო M არის გამოსახული – განსაკუთრებული ადამიანი ხართ

თუ თქვენს ხელისგულზე ლათინური ასო M არის გამოსახული – განსაკუთრებული ადამიანი ხართ

17 Aug 2024, 20:06

 

ადამიანები ოდითგანვე სხვადასხვა გზის გამოყენებით ცდილობენ, გაიგონ თავიანთი მომავალი ან განსაზღვრონ საკუთარი დანიშნულება. ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის, ქირომანტია, რომლისაც ბევრს სჯერა, ბევრს – არა, მაგრამ ქირომანტიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც, მაგ., მეტეოროლოგიას.

ამჯერად გაგაცნობთ ხელისგულზე ლათინური ასო M-ის მსგავსი მოხაზულობის მნიშვნელობას ქირომანტიაში.

ეს არის მატერიალური წარმატებისა და დიდი შესაძლებლობების, კარიერაში, ბიზნესსა და ფინანსურ სფეროში წარმატების სიმბოლო. მისი მოხაზულობა გულის, სიცოცხლის, გონების და ბედის ხაზებისგან შედგება. ქირომანტიის ძველი წყაროების მიხედვით, ამ ნიშნის მქონე ადამიანს ბრძენი სული აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ M ორივე ხელისგულზეა აღბეჭდილი.

ის ადამიანები, რომელთაც ეს ნიშანი აქვთ აღბეჭდილი ხელისგულზე, ძალიან კარგად განვითარებული ინტუიციით გამოირჩევიან და ადვილად გამოსდით ისეთი სამუშაო, რომელშიც შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენაა საჭირო. ისინი კარგი მეწარმეები არიან, გარშემო მყოფებს ბავშვობიდანვე აკვირვებენ თავიანთი ამოუწურავი იდეებითა და გეგმებით. ამ უნარებს კაცობრიობის მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ იდეების, არამედ მათი რეალიზაციის სხვადასხვა ვარიანტის შემუშავებაც.

ეს პიროვნებები ფლობენ უამრავ ტალანტს, რომლებიც, როგორც წესი, სრულად 20 წლის ასაკის შემდეგ ვლინდება. ისინი ლოგიკურად აზროვნებენ და ადეკვატურად რეაგირებენ ყველაზე რთულ სიტუაციებზეც კი. ამ ადამიანებს ტყუილის თქმა არ ეხერხებათ და არასოდეს ხლართავენ ინტრიგებს სხვათა ზურგს უკან; საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ მომთხოვნები არიან როგორც სამსახურში, ისე სახლში.

ისინი გამოირჩევიან პიროვნული სიღრმით, გაგაოცებთ მათი არაორდინარულობა და ორიგინალობა. ასეთი ადამიანის გვერდით ბევრი წელიც რომ გაატაროთ, მის მთლიანად შეცნობას მაინც ვერ შეძლებთ. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს იგი სხვადასხვანაირად ავლენს.

ნიშანი M ხშირად აქვთ გამოსახული ხელისგულზე ლიდერებს, რომლებიც მასებს მიუძღვიან წინ. თითოეული მათგანი გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრებისეული მისიის მატარებელი ადამიანია.

როგორც წესი, რაც უფრო მკაფიოა ხელისგულზე ეს ნიშანი, მით უფრო ძლიერია ადამიანზე მისი გავლენა.

ეს ნიშანი, აგრეთვე, ოსტატის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს დიდი ნიჭი საქმიანობის რომელიმე სფეროში, რომელშიც მას დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

თუ ეს ნიშანი აღბეჭდილია მხოლოდ აქტიურ ხელზე (ჩვეულებრივ, მარჯვენა, ხოლო ცაციების შემთხვევაში – მარცხენა ხელისგულზე), იმაზე მიუთითებს, რომ მისი მფლობელი შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და ამბიციურია.

ითვლება, რომ ამ ნიშნის მფლობელებისთვის ცხოვრებაში ყველა გზა ხსნილია, რადგან კარგად იციან, რა სურთ და შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა.

ამ ადამიანებს თავიანთ გარემოცვაში დიდად აფასებენ, მათ გარეშე არანაირი საქმე არ კეთდება. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისინი სწრაფად და ჭოჭმანის გარეშე იღებენ, ამიტომ იშვიათად უშვებენ ხელიდან ცხოვრების მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს ან, სულ ცოტა, შეეცდებიან მაინც, რომ ბოძებული შანსი გამოიყენონ.

ეს ადამიანები გამოირჩევიან ქარიზმატულობითა და პიროვნული სიღრმით, თუმცა მათი ცხოვრება სულაც არაა იოლი და უღრუბლო. მათი გამორჩეული უნარებისა და ტალანტების გამოსავლენად, დასახვეწადა და გამოსაყენებლად შესაბამისი გარემოს არსებობაა საჭირო.

ასო M წარსულის ბევრი წინასწარმეტყველისა და გამორჩეული ლიდერის ნიშანია. თუ თქვენ გარშემო ასეთ ადამიანს შეხვდებით, გვერდიდან ნუ მოსცილდებით.

თუ თქვენ ის იღბლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც ეს ნიშანი აქვს გამოსახული ხელისგულზე (ხელისგულებზე), ხშირად დახედეთ მას. ის თქვენს განსაკუთრებულობას და ცხოვრებაში თქვენს გამორჩეულ დანიშნულებას შეგახსენებთ. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს მიაღწიოთ, რასაც მოისურვებთ, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ უფრო მეტი გაბედულება და აქტიურობა გამოიჩინოთ. აგრეთვე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის ჯერ არ მიგიღწევიათ, გმართებთ, დაფიქრდეთ იმაზე, სწორად აირჩიეთ თუ არა საქმიანობის სფერო, ან საკმარისად მიზანდასახული ხართ თუ არა.

ქირომანტია – ქირომანტიად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია ხელისგულის ხაზების მიუხედავად და ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი.

მოამზადა თამთა გურულმა

აგრეთვე იხილეთ: