ეს ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრებულია და ... სალომე ზურაბიშვილის მოულოდნელი განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის საფუძველი იმის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ ივანიშვილი იძულებული უნდა გახდეს, ახალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდეს:
"საზოგადოებამ უნდა წაიკითხოს დეტალურად ეს დასკვნა. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი კრიზისიდან თუ არა არჩევნების დანიშვნა. ეს არის ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც გაუვლია ესოდენი კრიზისი, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ყველამ იცის ძალიან კარგად, არ არსებობს ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა "ხელისუფლება" გადასული არის ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა.
ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს ერთგვარი შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცბად დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე, ეს არის სიახლე ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მითუმეტეს აღარ არის, რომ თვითონ "ქართული ოცნება" არის გადასული ძალიან აჩქარებული ტემპით, ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, იმისთვის რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები," - განაცხადა პრეზიდენტმა.